ექსკლუზივი

აპირებს თუ არა ეკა ბესელია სიცოცხლის მონასტერში დასრულებას და პატრიარქის რა წინასწარმეტყველება აუხდა მას

„და მე ქალი“ ეკა ბესელიას წიგნის სახელწოდებაა, რომელიც მან საკუთარ 50 წლის იუბილეს მიუძღვნა და მასში ის ემოციები გადმოიტანა, რომელსაც მუდმივი ბრძოლისა და ქარტეხილების დროს განიცდიდა.

ეკა ბესელია: როგორც კი 49 წელს გადავაბიჯე, დავიწყე ფიქრი, როგორ შეიძლებოდა, შევხვედრილიყავი ისეთ თარიღს, როგორიც 50 წელია. წელს, რაც თავი მახსოვს პირველად გავაკეთე პაუზა, რისი საშუალებაც აქამდე არ მქონია და ამ პაუზამ ისეთ საკითხებზეც დამაფიქრა, რომლისთვისაც აქამდე არ მეცალა. ვიგრძენი, რომ ჩემში ბევრი ემოცია დაგროვდა და მინდოდა, მისთვის გარკვეული ფორმა მიმეცა. მომინდა, დამეწერა. წერა ბავშვობაშიც მიყვარდა. სკოლის პერიოდშიც ვწერდი, სტუდენტობაშიც, პირველ შვილს რომ ველოდი, დღიურში ვიწერდი ჩემს განცდებს და როცა სრულწლოვანი გახდა, ეს დღიური მაშინ ვაჩუქე. მოკლედ, ამ ფიქრებით, ნელ-ნელა დავიწყე იმის წერა, რაც შეიძლება, ცნობილია ჩემი ბოლო 25 წლის საჯარო ცხოვრებიდან გამომდინარე, მაგრამ არ არის ცნობილი, თუ რა ემოციური პროცესები ახლდა იმ ცნობილ ფაქტებს. ასე რომ, ეს წიგნი ჩემში ვერდატეული ემოციების ნაკრებია. მასში არის მხატვრული ჩანართი, რომელიც 25 წლის წინ დავწერე და მას შემდეგ ხელი აღარ მიხლია. სკივრში რომ რუდუნებით ინახავ რაღაცას და არასდროს ხსნი, ასეთი ძვირფასი იყო ეს ნაწერი ჩემთვის. ავიღე და ამ წიგნში გადმოვიტანე ხელუხლებლად. ეს ამ წიგნის ყველაზე მნიშვნელოვანი და ზღაპრული ისტორიაა.

– „და მე ქალი“ ეს სახელწოდება რა ქვეტექსტს მოიცავს?

– ყდის ფოტო ჩემმა გოგომ – ლიზამ გადაიღო. მინდოდა, მასზე გამოსახული ყოფილიყო ქალი, რომელიც უსასრულობისკენ მიდის – ეს არის დაუსრულებელი პროცესის სიმბოლო, სადაც ზღვარი არ არსებობს, თუმცა გზა მძიმე, ქვის ლოდებითაა მოფენილი და ამ რთულ გზას გადიან ქალები. მერე გადავწყვიტე, რომ ეს ქალი ჩემი ლიზა ყოფილიყო, ჩემი გაგრძელება. მე ეს წიგნი სამ ქალს მივუძღვენი: დედას, რომელსაც ბებიაჩემთან ერთად, საოცარი როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში, დედა ნატალიას, რომელიც მონაზონია და ჩემი მეგობარი და ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას, რომელიც ასევე, ჩემი მეგობარია. გადავწყვიტე, ეს წიგნი მეჩუქებინა იმ ქალებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სულიერი საყრდენი. ეს არის წიგნი ქალზე, რომელიც შეუძლებელს გადის და ბოლოს ძლიერი და გამარჯვებული რჩება. იმედიანი დასასრული აქვს, მიუხედავად იმისა, რომ გზა რთულია და ემოციური. სახელი უცებ მოვიფიქრე და რომ წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ეს სამი სიტყვა ამ წიგნს ძალიან უხდება. ლიმიტირებული ოდენობით დავბეჭდე – სულ ასი ცალი და უკვე ბევრი გავაჩუქე. ისეთი ამბავი ატყდა და იმდენი თხოვნა მივიღე, რომ ახლა ვფიქრობ, რა შეიძლება, გავაკეთო. გაყიდვაზე არ მიფიქრია და გასაყიდად არც ახლა მემეტება. მალე დიდი ტირაჟით დავბეჭდავ და შევეცდები, ბევრისთვის ხელმისაწვდომი ფორმა მოვიფიქრო, მაგრამ არა გაყიდვა.

– ვიცნობთ პოლიტიკოს ეკა ბესელიას, ადვოკატ ეკა ბესელიას. ამ წიგნში ამ ყველაფერთან ერთად, თქვენი, როგორც ქალის ცხოვრებასაც გავიცნობთ?

– პირველ რიგში, ეს არის. ამ წიგნში არის ქალი, რომელსაც ისეთი ბარიერების გადალახვა უწევს, როგორიც შეიძლება, კაცს არ შეხვდეს. რამდენიმე ისტორიაში ჩანს, როგორ გცდიან ქალს. ამან ერთი რამ მასწავლა – რაც უფრო მეტს გაუძლებ, მით უფრო ძლიერი ხდები. თავის დროზე არჩევანი გავაკეთე. მე კარიერისტი არ ვარ, იდეალისტი ვარ და თანამდებობები ძალიან სასაცილოდ მეჩვენება. მაგრამ, როდესაც თავი საჯარო ცხოვრებისთვის და პოლიტიკური სიგიჟეებისთვის გავიმეტე, ძალიან რთული გზებით ვიარე, როცა შემეძლო, ძალიან კომფორტულად მეცხოვრა. მე მაშინ არჩევანი პირადი ცხოვრების ხარჯზე საჯარო ცხოვრების სასარგებლოდ გავაკეთე. იმ წლებში, პარლამენტში რომ გავატარე, ჩემი პიროვნული სიამოვნებისთვის არაფერი არსებობდა. ეს შეგნებული ნაბიჯი იყო, ორივეს ერთად დიდი დოზით ვერ შევძლებდი. ვამბობდი, პარლამენტს მივთხოვდი-მეთქი და იმდენს ვაკეთებდი, მგონია, რომ ამას მტერიც კი ხედავდა. მე ეს შეგნებულად გავაკეთე და ამის მიზეზები წიგნში ჩანს.

– „მძიმე“ წიგნია?

– „მძიმე“ არა, მაგრამ ძალიან ემოციურია. ვინც წაიკითხა, ყველამ იტირა. ძალიან ნატურალურია. ალბათ, ამ წიგნში ბევრი ქალი იპოვის საკუთარ თავს. ამ წიგნით ჩემი ნახევარი საუკუნე შევაჯამე, ჩემს თავს გავუკეთე საჩუქარი, რადგან ეს ემოციები შიგნით ვეღარ დავიტიე და გადავწყვიტე, უახლოესი ადამიანებისთვის გამეზიარებინა.

მთავარი ის კი არ არის, რას გაივლი, მთავარია, როგორ დადგები ფეხზე. შეიძლება, უბრალო რამემ დაგანგრიოს და ტაიფუნს გაუძლო. მე გავაცნობიერე, რომ განსაცდელებს კი არ დავემალე, პირისპირ შევხვდი და როგორც ჩანს, იმ აზრმა, რომ ეს ჩემი არჩევანი იყო, ფეხზე დგომის ძალაც მომცა. მგონია, რომ ეს უფლის წყალობაა. რთულ სიტუაციაში უცნაური ძალა გეძლევა. რომ მგონებია, ყველაფერი დასრულდა, უცებ რაღაც ძალა მომცემია და მიფიქრია, ამასაც გადავლახავ-მეთქი.

– სამი ქალიდან, ვისაც ეს წიგნი მიუძღვენით, ერთ-ერთი დედაოა, მისი როლი როგორია თქვენს ცხოვრებაში?

– ჩვენ, დაახლოებით, 16-17 წელია, ვმეგობრობთ. სამთავროს მონასტერში გავიცანი, მცხეთაში. ბოლო 25 წელია, ჯვრის მონასტრის მრევლი ვარ და მცხეთასთან ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი მაკავშირებს. დედაო ძალიან პატარა იყო, როდესაც მონაზონი გახდა და მისი ისტორია ჩემთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა. დიდი სიყვარულით მიმიღო, გულთან ახლოს მიიტანა ჩემი ამბები და საოცარი სულიერი მეგობრობა ჩამოგვიყალიბდა. უცნაური ადამიანია, სითბოს არ გამოხატავს, მაგრამ მის სიყვარულს ძალიან კარგად გრძნობ. ჩემი მესაიდუმლე გახდა. გამორჩეული ხედვა აქვს, ბევრჯერ უთქვამს რაღაც და მალე ზუსტად ისე მომხდარა. მისი როლი დიდია ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე რთულ მომენტებში მასთან და ნანა ჩაჩუასთან მისაუბრია. დედაოს სიახლოვემ სულიერად კიდევ უფრო გამაძლიერა. მახსოვს, ერთხელ, მასთან ღამე დავრჩი კელიაში და თავის შესამოსელი ჩამაცვა. აინტერესებდა, მონაზვნის სამოსი როგორ მექნებოდა. ახლაც მახსოვს ის საოცარი განცდა. სულ უნდოდა, მონასტერთან ახლოს ვყოფილიყავი.

– თქვენ გიფიქრიათ ამ გზაზე?

– მას უთქვამს ჩემთვის, შენ ცხოვრებას მონასტერში დაასრულებო. არ ვიცი, როგორ იქნება, მაგრამ მეც მიფიქრია ამაზე, თუმცა ჯერ ამხელა ძალა ვერ ვიპოვე ჩემს თავში. რამდენიმე დღე დავრჩენილვარ მონასტერში, იქ რაღაც პერიოდი გამიტარებია, მაგრამ ამ გადაწყვეტილებისთვის ჯერ მზად არ ვარ.კითხვის გაგრძელება https://tbiliselebi.ge/ka/news/society/apirebs-tu-ara-eka-beselia-sitsotskhlis-monastershi-dasrulebas-da-patriarkis-ra-tsinastsarmetkveleba-aukhda-mas

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

Back to top button