ექსკლუზივი

ქალი, რომელიც ახლა ჟურნალისტების ცემას ამართლებს, 3-4 წლის წინ ატირებული მევედრებოდა, საქმეში მედია ჩამერთო და მისი შვილი გადამერჩინა- ტარიელ კაკაბაძე

ადვოკატთა გაერთიანების დირექტორი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს და იხსენებს 3-4 წლის წინანდელ ისტორიას, როდესაც შეკერილი საქმე მედიის დახმარებით გახსნა და ცრუ მოწმეები გამოაშკარავა. კაკაბაძის განმარტებით, იმ დროინდელ საქმეში ფიგურირებდა პირი, რომლის დედაც ახლა ჟურნალისტების ცემას ამართლებს, მაშინ კი სწორედ მათი დახმარების იმედი ჰქონდა, რათა მისი შვილი უსამართლობის მსხვერპლი არ ყოფილიყო

“ჟურნალისტების შესახებ:

დაახლოებით 3-4 წლის წინ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს საქმე შეუკერეს. ორივე დაკავებულს მრავალწლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ჟურნალისტების ჩართულობით შევძელით სხვადასხვა უკანონობის გამოაშკარავება. მედია რომ არა, საზოგადოებას ვერ ვაჩვენებდით ბრალდებულის უდანაშაულობას.

შევძელით ყველა იმ პოლიციელის გამოაშკარავება, ვინც ბრალდებულები უკანონოდ დააკავა და საქმე გააყალბა. ასევე შევძელით ცრუ მოწმეების მხილება. ჟურნალისტების მუშაობის გარეშე ამ საქმეს ვერ მოვიგებდით და ის ბრალდებულები დღესაც ციხეში იქნებოდნენ.

გუშინ კი ვაწყდები ერთ-ერთი გამართლებულის მშობლის კომენტარს სწორედ იმ ტელევიზიის მისამართით, ვინც მის საქმეს აშუქებდა. კომენტარში ეს ქალბატონი ამართლებს ჟურნალისტის ცემას და ითხოვს ამ ტელევიზიების დახურვას. ეს ზუსტად ის ქალბატონია, ვინც 3-4 წლის წინ ატირებული მევედრებოდა ჟურნალისტების საქმეში ჩართვასა და შვილის გადარჩენას. არადა ზუსტად ვიცი – მისი შვილს რომ კიდევ საქმე შეუკერონ, იგივე ტელევიზიებს გააშუქებინებს მისი შვილის მიმართ ჩადენილ უკანონობას.

მოკლედ, სანამ სხვისი პრობლემის დანახვას არ ვისწავლით, არაფერი გვეშველება! ერთი დღით არ უნდა ვიცხოვროთ”, – წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close