კატეგორიის გარეშე

“პირველი ნიუსი” გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!

ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

“პირველი ნიუსი” გილოცავთ აღდგომის წმინდა დღესასწაულს!

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ბრწყინვალე აღდგომის შესახებ

“აღდგომა იმდენად აღმატებულია ყველა, თუნდაც საუფლო დღესასწაულზე, რამდენადაც მზე აღემატება ვარსკვლავებს”

დღეს გამოიხსნება სამყარო – ხილული და უხილავი ქვეყანა. ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, აღსდექით მასთან ერთად. ქრისტე ამაღლდა თავისი დიდებით – ამაღლდით თქვენც, ქრისტე აღსდგა საფლავიდან – თქვენ კი ცოდვათაგან იხსენით თავი. განიხვნება კარნი ჯოჯოხეთისანი, შეიმუსრება სიკვდილი, განდგება ძველი ადამი, იშვება ახალი.

აღდგომა, აღდგომა უფლისა! და კიდევ გეტყვით სამების თაყვანსაცემად: აღდგომა! დღესასწაული დღესასწაულთა და ზეიმთა ზეიმი; იგი იმდენად აღმატებულია ყველა, თუნდაც საუფლო დღესასწაულზე, რამდენადაც მზე აღემატება ვარსკვლავებს.

დაე, მოკლედ განვიხილოთ თავად “აღდგომის” ანუ პასექის სახელწოდება. დიდებულ და თაყვანსაცემ აღდგომას ებრაელების ენაზე “პასექი” ეწოდება, რაც ისტორიულად, ებრაელი ერის ეგვიპტიდან გამოსვლასა და ქანაანში გადასახლებას, ხოლო სულიერად, მიწიერიდან ზეციურისკენ, აღთქმული მიწისაკენ გადასვლას უკავშირდება.

თუ ჩვენ, ვინც დავეცით ცოდვისა და გემოთმოყვარეობის შედეგად, კერპთაყვანისმცემლობამ და სისხლის- ღვრის უსჯულოებამ გაგვიტაცა, ისევ უნდა ავმაღლებულიყავით და პირველქმნილ მდგომარეობას დავბრუნებოდით ჩვენი ზეციერი მამის, შემოქმედის უდიდესი გულმოწყალებით, რომელმაც ვერ დაითმინა, რომ ესოდენ დაზიანებული დარჩენილიყო მისი ქმნილება: მაშინ, როგორ უნდა შექმნილიყო იგი ხელახლა? როგორ მოხდებოდა ეს ხელახალი შობა?

ვერ გამოდგებოდა სწრაფი და უხეში ჩარევით ექიმობა, ვინაიდან ასეთ წამლობას, საუკუნეების მანძილზე ფესვგადგმული სიმსივნის გამო, შეიძლება ახალი იარა წარმოეშვა; ადამიანის ცოდვილი ბუნების გამოსასწორებლად გათვალისწინებული იქნა მოკრძალებული და კაცთმოყვარე ხერხი კურნებისა; ირიბი ტოტიც კი ვერ იტანს უეცარ გადაღუნვას და ზედმეტ ძალისხმევას იმისგან, ვისაც მისი გასწორება სურს, და შეიძლება სულაც მოტყდეს კიდეც, ვიდრე გასწორდეს. გახედნილი და მრავალნაცადი ცხენიც ვერ ითმენს დამქანცველ რბოლას შექებისა და ალერსის გარეშე. ამიტომაც გვეძლევა შეწევნად სჯული, ვითარცა კედელი, რომელიც უფალსა და კერპებს შორის აღმართულა, რათა კერპებს განგვაშოროს და ღმერთთან მიგვიყვანოს. თავიდან იგი დათმობაზე მიდის რაღაც მცირედმნიშვნელოვანის მიმართ, რათა მოიპოვოს უმნიშვნელოვანესი. გარკვეულ დრომდე უშვებს მსხვერპლს, რათა ჩვენში უფლის შემეცნება აღადგინოს. ხოლო შემდეგ, როცა დადგება დრო, იგი მსხვერპლსაც აღარ დაუშვებს, თანდათანობითი აკრძალვებით ბრძნულად გარდაგვქმნის და უკვე მორჩილებისადმი შეჩვეულები, სახარებისაკენ მივყავართ.

სწორედ ამგვარად შემოვიდა ჩვენში წერილობითი სჯული, რომელიც შეგვკრებს ქრისტეში. აი, ამგვარია, ჩემი აზრით, ესოდენ აღმატებული მსხვერპლის მიზეზი!

ვის მიმართ და რატომ დაიღვარა ჩვენს გამო დათხეული სისხლი იესო ქრისტესი? ჩვენ ეშმაკის მფლობელობაში ვიყავით, ცოდვით გაყიდულნი, რომლებმაც ვნებათმოყვარეობით ჩვენივე დამახინჯებული მდგომარეობა შევიძინეთ. და თუ გამოსყიდვისას საფასე მიეცემა იმას, ვინც ძალაუფლებას ფლობს: ჩნდება კითხვა: ვის მიმართ და რა მიზეზით იქნა შეწირული ეს საფასური – მაცხოვრის წმიდა სისხლი? თუ ეშმაკისადმი შეიწირა, მაშინ რაოდენ შეურაცხმყოფელია ეს ყოველივე! ამ შემთხვევაში ისე გამოდის, რომ ყაჩაღი, ანუ ბოროტი სული ღებულობს გამოსყიდვის საფასურს, და ღებულობს არა მარტო ღმერთისგან, არამედ თავად მას, უფალს იღებს მსხვერპლად; თავისი სისასტიკისათვის იგი იმდენად დიდ, უზომო ხარკს ღებულობს, რომ ამის გამო სამართლიანად დაგვინდობდა კიდეც. და თუ სხვაგვარადაა, და მამა ღებულობს ამ მსხვერპლს, როგორ ხდება ეს? ჩვენ ხომ მის ტყვეობაში არც ვყოფილვართ? მეორეც, რა მიზეზით შეიწყნარებს მამას სისხლი მხოლოდშობილი ძისა, მან ხომ არ მიიღო მსხვერპლად ისააკი, რომელიც მამამისმა შეწირა? უფალმა ხომ ადამიანის მსხვერპლშეწირვა კრავის შეწირვით ჩაანაცვლა? და თუ ეს ასეა, მაშინ აქედან ჩანს, რომ მსხვერპლი მიიღო მამამ, ოღონდ არა იმიტომ, რომ თავად მოითხოვდა ან საჭიროებდა ამას, არამედ ღვთის განგებულების გამო და იმიტომ, რომ ადამიანი უნდა განწმედილიყო ღვთის განკაცებით, რომელსაც ბოროტის დამარცხებით თავად უნდა გამოვეხსენით და თავისთან ავეყვანეთ თავისივე ძის მეშვეობით, რომელიც ყოველივეს მამის სადიდებლად იქმოდა. ამგვარია ქრისტეს საქმენი, დანარჩენზე კი დუმილი ეგების.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close