კატეგორიის გარეშე

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იმედოვნებს, რომ „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონსა და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს დაეხმარება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ასევე, საქართველოს ონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, რაც 2024 წლისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბარიერის დაწევას 3%-მდე ითვალისწინებს, მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს დაეხმარება.

როგორც თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პარლამენტს და ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება და ასრულებს თავის ვალდებულებას დემოკრატიის გაძლიერების და ფუნდამენტური რეფორმების განხორციელების მიზნით.

„საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ და საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებია ინიცირებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები საზოგადოებას რომ ავუხსნათ, რაც ითვალისწინებს ვენეციის კომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაციების ასახვას საკანონმდებლო ბაზაში. შესაბამისად, გარდა იმისა, რაც პარლამენტმა გააკეთა, მოხდა ფუნდამენტური ცვლილებები სასამართლოების შესახებ კანონში, კონკრეტულად შეიქმნა გამჭვირვალე და დემოკრატიული პროცესი კანდიდატურების პარლამენტში განხილვის. ამ მიმართულებით კიდევ უფრო უმჯობესდება სტანდარტი და შედის ცვლილებები, რომელიც ვენეციის კომისიას თავის რეკომენდაციებში ჰქონდა მოცემული.

ასევე, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტში, კერძოდ, გარდამავალ დებულებებში ცვლილების შეტანის საკითხი – რომელიც ითვალისწინებს 2024 წლისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბარიერის დაწევას 3%-მდე. ეს ინიციატივაც უკვე ინიცირებულია პარლამენტში და გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. ეს საკითხები გახლავთ ის მნიშვნელოვანი თემები, რომელიც თვეების განმავლობაში პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყო. როგორც ხედავთ პარლამენტს და ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება და ჩვენს პასუხისმგებლობას, ვალდებულებას ვასრულებთ დემოკრატიის გაძლიერების და იმ ფუნდამენტური რეფორმების განხორციელების მიზნით, რომელიც გვქონდა საჯაროდ პირობა დადებული. იმედი მაქვს, ეს ორი ცვლილება დაეხმარება მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. თავისი არსით ეს ცვლილებები არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის საუბრის საგანი, არამედ, ეს რეფორმები გახლავთ ასევე ჩვენს და მოქალაქეებს შორის შეთანხმების საგანი, ასევე ჩვენსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შორის, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის საგანიც. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირთან ასოცირების პროცესში, შემდეგ შეფასებებში ეს ცვლილებები იქნება სათანადოდ შეფასებული და პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close