ექსკლუზივი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ კამპანიის წახალისება – TI გვარამიას ნომრის გასაჯაროებაზე

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, თეა წულუკიანს ნიკა გვარამიას მობილური ტელეფონის ნომრის გასაჯაროებით მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი არ დაურღვევა, მან ამ ქმედებით კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ კამპანიაც წაახალისა.

დღეს, 2 თებერვალს, „ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, პარლამენტის სხდომაზე „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას, პირადი მობილური ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. ნიკა გვარამიას განცხადებით, ამ ფაქტის შემდეგ მასთან არაერთი უცნობი ზარი შედის.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებით, საჯარო ტრიბუნიდან მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სხვისი პირადი ინფორმაციის გამჟღავნება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

„ნიკა გვარამია არ არის თანამდებობის პირი და შესაბამისად, მისი პერსონალური ინფორმაცია არ არის საჯარო (44-ე მუხლი). ის კერძო ტელეკომპანიის დირექტორია და ამდენად, მისი სურვილის წინააღმდეგ, პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროება აღმაშფოთებელია“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაცია უთითებს, რომ ხელისუფლების მხრიდან კრიტიკულ მედიაზე გახშირებული თავდასხმების, ნიკა გვარამიას მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თუ დაწყებული საეჭვო გამოძიების, პირადი სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნების, მის ოჯახის წევრებზე თვალთვალისა და მისი შანტაჟის მცდელობის ფონზე, წულუკიანის ეს ქმედება მმართველი პარტიის მხრიდან გვარამიას წინააღმდეგ მიმართულ კიდევ ერთ ანგარიშსწორებას ჰგავს.

„საჯარო პირი და მითუმეტეს, პარლამენტარი, უნდა იცავდეს და პატივს სცემდეს კანონმდებლობას, ბოროტად არ უნდა იყენებდეს საჯარო ტრიბუნას და არ ახალისებდეს საზოგადოებაში დაპირისპირებას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა მოუწოდებს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ასევე, მოუწოდებს პარტია „ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს კრიტიკული ტელევიზიის დირექტორის დევნა და უზრუნველყოს მისი სამოქალაქო უფლებების დაცვა.

https://www.mediachecker.ge/

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close