ექსკლუზივი

შემერყა ფსიქიკა… შვილის უბედურება ცოცხლად გკლავს, მერე აღარ ცხოვრობ, უბრალოდ არსებობ… – მანჩო გიორგობიანი

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი გარდაცვლილ შვილთან სანდრო ქოიავასთან ერთად

გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის გარდა ნებისმიერი პრობლემა მსუბუქია, რომელიც ნერვიულობად არ ღირს.

მანჩო მოკლედ აღწერს, იმ პრობლემებს, რაც გამოუვლია და აღნიშნავს, რომ თურმე ყველაფრის გადალახვა შეიძლება შვილის სიკვდილის გარდა. მისივე თქმით, შვილის უბედურება ადამიანს ცოცხლად ანადგურებს.

„დედუ 4 წლის, მე 28 -ის ვხდები … 1998 წ.

რა ბედნიერი ვიყავი ამ დროს, არადა რამდენ სისულელეზე ვიგლიჯავდი ნერვებს?! ჭორებს აყოლილი ხან რა და ხან რა სისულელეებზე ვიფუჭებდი ხასიათს “ამან ეს თქვა, იმან ის თქვა“ – დაიკიდე რა!… სულ მიკვირდა, რატომ აინტერესებთ ჩემი ცხოვრება, როდესაც მე არ მაინტერესებს არავისი?!. არიან ტიპაჟები , რომლებიც სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფით სულდგმულობენ… და ეგეთებზე ნერვი კი არ უნდა აიშალო, უნდა შეგეცოდონ და მორჩა… საკუთარი ბოღმა და შურიც ეყოფათ მუდმივ პრობლემად… მახინჯ სულს მახინჯი სხეული უყალიბდება, მე დავრწმუნდი, კეთილშობილი ადამიანები მშვენდებიან …

ამ პერიოდში, ოჯახში ყველა ცოცხალი მყავდა და ჯანმრთელი, შეირგე რა თურმე…

90-იანების უბედურებები ახალი მიწყნარებული იყო უკვე მნიშვნელოვნად… ხალხი ცხოვრებას იწყებდა, აღარ დავდიოდით ყოველ დღე მეგობრების პანაშვიდებზე, ამოვისუნთქეთ, შუქიც მოვიდა, გაზიც, ბიზნესიც ამოძრავდა, ახალი საინტერესო საქმეებიც გამოჩნდა…

1999-დან ისევ დამეწყო საშინელებები უკვე ოჯახში, ჯერ მაოფლიოში ყველაზე საყვარელი ადამიანი -მამა გარდამეცვალა, მერე 2003-2004 წლებში ჩემი დის ავადმყოფობასთან დავიწყეთ ბრძოლა, მაინც მიმატოვა ნანამ 2010-ში და 2016-ში ჩემი შვილი … შემერყა ფსიქიკა… ვერც ისეთი ძლიერი აღმოვჩნდი, თქვენ რომ გეგონეთ…
პარალელურად ბოროტი კლოუნი მიშა აწამებდა თითქმის მთელ საქართველოს… ძალიან ბევრ ადამიანზე მქონდა სანერვიულო, ჩემ გარშემო თითქმის ყველამ გამოიარა ნაც-რეჟიმის ციხე, ყველას ჩაახედეს სიკვდილის თვალებში, ქონების წართმევაზე რა საწუწუნო იყო, ოღონდ ჯანმრთელები გადარჩენილიყვნენ, ლამის ყოველი დღე კატასტროფულად სანერვიულო მქონდა, შიში და უსუსურობა საშინელი განცდაა, რას გერჩიან რომ არ იცი… რეალობაში კი, ამ მანიაკებმა, ბავშვობისდროინდელი აკიდებული კომპლექსების ნიადაგზე, გადაუარეს ნახევარ საქართველოს, ეზიზღებოდათ ყველა, ვინც ოდესმე წარმატებული ყოფილა და რამით გამორჩეული… „ვერა-ვაკეც“ ბევრჯერ წამოგვაძახეს მთავრობის მაღალი ტრიბუნებიდან… 2012-ში, რეალურად, ფიზიკურად გადავრჩით…
ამიტომ არასდროს არაფერზე არ უნდა ინერვიულოს ადამიანმა, ახლობლების ჯანმრთელობის და სიცოცხლისუნარიანობის გარდა… დანარჩენს, ყველაფერს გაუმკლავდები, გაუძლებ, გადაიტან დე ფენიქსივით ფერფლიდან აღ(ს)დგები, თურმე!..

აი, შვილის უბედურება ცოცხლად გკლავს, მერე აღარ ცხოვრობ, უბრალოდ არსებობ…

p.s. ფიქრებს შევყევი და შემომეწერა“, – წერს მანჩო გიორგობიანი.

ცნობისთვის, მანჩო გიორგობიანს 22 წლის ვაჟი სანდრო ქოიავა 2016 წელს გარდაეცვალა.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close