სისხლიანი დაპირისპირება სტიქაროსნებს შორის – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის ღვთისმშობლის ეკლესიაში ტრაპეზზე სტიქაროსანს, მამუკა წიკლაურს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის ღვთისმშობლის ეკლესიაში საშობაო ტრაპეზზე მოხდა.
სისხლიანი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა მონასტრის წინამძღვარს. მამა იოანე კვარაცხელიამ მძიმე მდგომარეობაში მყოფი წიკლაური საკუთარი ავტომობილით წაიყვანა, თუმცა საავადმოფომდე არ მიუყყვანია და რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დატოვა.
დაჭრილი საავადმყოფოში თვითდინებით შევიდა. მას ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.
“რო შემოვიდა იყო მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა. შეიყვანეს საოპერაციოაში. ოპერაციაზე აღმოჩნდა დაზიანებული ღვიძლის კიდე, საიდანაც მოდიოდა სისხლი. თვითდინებით არის შემოსული პაციენტი, თავისი ფეხით. შემავალი რაც იყო კანში, მუცლის ღრუში, კანის მთალინობა დარღვეული იყო და იქიდან ჩანდა, რომ იყო სისხლდენა”,- ამბობს დავით დარახველიძე, “ავერსის კლინიკის” კლინიკური მენეჯერი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი, მამა იოანე (კვარაცხელია) ამბობს, რომ დაპირისპირება სტიქაროსნებს შორის არა ტრაპეზის დროს, არამედ სოფლის ცენტრში მოხდა და მან არ იცოდა, რომ მამუკა წიკლაური დაჭრილი იყო.