- „მთელმა მსოფლიომ ნახა – მიშა ბინძურია, მიშა ჭუჭყიანია. საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც ჩანს, თუ როგორი „ბარდაკი“ [არეულობა] დატოვა [საკანში] საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა – საწოლი არ არის ალაგებული, ყველგან ნაგავი ყრია, იატაკი მოფენილია რაღაც დოკუმენტებით, ნაბეჭდებით“.
- „სულ მიხეილ სააკაშვილის დაგლეჯილი თმებია მიმოფანტული ციხეში“.
- „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მღვდელმა მოინახულა. მან თქვა, რომ სააკაშვილის აღსარება მოისმინა და აზიარა ის. უცნობია, რა ცოდვები მოინანია სამხედრო დამნაშავემ“.
- „მიშა არა მხოლოდ სამხედრო დამნაშავე, არამედ რომანტიკოსია“.
„როსია 24“ სააკაშვილს „ხინკლის მოყვარულს“, დასავლეთის დასანახად „მოჩვენებითად მოშიმშილეს“, „სამხედრო დამნაშავესა“ და „ბინძურს“ უწოდებს – საქართველოს პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ ფარულ ვიდეოჩანაწერზე თუ ტე ლეკომპანია „იმედის“ რეპორტაჟების ფრაგმენტებზე დაყრდნობით.
„60 წუთის“ ჟურნალისტები ისე ზედმიწევნით აკვირდებოდნენ მიხეილ სააკაშვილის საკნის ინტერიერს საქართველოს პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომ კედლებზე უკრაინელი დეპუტატის – ლიზა იასკოს ფოტოებიც აღმოაჩინეს. ისინი იასკოს სააკაშვილის „საყვარელს“ უწოდებენ და ქილიკობენ მის სიტყვებზე, რომ პატიმარი „მოტყუებით“ გადაიყვანეს „ციხის საავადმყოფოში“.
რუსი პოლიტიკოსები და მედია ცდილობენ განამტკიცონ საზოგადოების განწყობა იმ შეთქმულების თეორიის მიმართ, რომელიც თავდაპირველად რუსმა ჟურნალისტმა და ყოფილმა პოლიტიკოსმა, მაქსიმ შევჩენკომ გაახმოვანა – რომ სააკაშვილი ამერიკელებმა გაწირეს.