არსებული ინფორმაციით, დაახლოებით ორი წლის წინ, ხელოვნების სასახლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ექსპონატის სახით წაიღეს სვიმონ დადიანის 5 ნამუშევარი, რომლებიც ამ დროისთვის დაზიანებულია.
სწორედ დაზიანებული ნამუშევრის წასაღებად მივიდნენ ადგილზე კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და ხელოვნების სასახლის თანამშრომლები. ასევე გაირკვა, რომ უწყების გენინსპექცია ორი დღის წინაც იყო მისული პრეზიდენტის სასახლეში, თუმცა მაშინ ნახატი ვერ წამოიღეს.
“ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს ერთ ნამუშევარს. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველა ნამუშევარი მიგვაქვს, იმიტომ, რომ იქ უნდა მოხდეს ფოტოფიქსაცია. აღდგება ეს ნამუშევარი და მერე განიხილავენ, დაბრუნდეს ისევ პრეზიდენტის სასახლეში თუ არა“, – განაცხადა ხელოვნების სასახლის სახვითი ხელოვნების ფონდის მცველმა ელენე ჭიჭინაძემ.